არჩილ მორჩილაძე - "ევროპაში აპრობირებული მოდელი ”საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრა“

ევროპაში აპრობირებული მოდელი ”საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრა“ საუკეთესო გამოსავალია

, - ასე ეხმაურება სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანი არჩილ მორჩილაძე საქართველოში, სადაზღვევო სისტემაში არსებულ ვითარებას.

მისი თქმით, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული.

”პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აქ არავითარ შემთხვევში არ იგულისხმება გადასახადის ზრდა. უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული გადასახადებში გარკვეული წილი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. მაგალითისთვის დავუშვათ, რომ ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ.

სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ის ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. დღეს სამწუხარუდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით, თანაც საკმაოდ შეზღუდული დაფარვებით. შესაბამისად, ამ ცვლილებით სტიმული მიეცემა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის განვითარებას”, - განაცხადა მორჩილაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ, კერძო სადაზღვევო სექტორზე გადავა.