საქართველოში გავრცელებული შხამიანი მცენარეები

ჩვენს სამშობლოში არაერთი შხამიანი მცენარე ხარობს.შეხებით ადამიანი არ იწამლება, მაგრამ მათი ნაყოფის ან ფოთლის გასინჯვა შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს როგორც ადამიანის, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შხამიან მცენარეებს.

ლენცოფა ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა. მას ლეჩხუმში "ტყის თუთუნსაც"ეძახიან. საქართველოში ლენცოფას სამი სახეობა იზრდება. მათ შორის უფრო გავრცელებულია შავი ლენცოფა, რომელიც ორწლოვანი ბალახია. ლენცოფა იზრდება გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. აქვს უსიამოვნო სუნი და შეიცავს ალკალოიდებს - ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს. მედიცინაში მისი ფოთლების ექსტრაქტს სამკურნალოდ იყენებენ. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

ლემა

შხამიანობით ლენცოფას არ ჩამორჩება. საქართველოში მისი 2 სახეობაა გავრცელებული. ეს ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე კავკასიაში თითქმის ყველა მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ ჰიოსციამინს, სკოპოლამინსა და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმს. ატროპინის შემცველობის გამო ლემას პრეპარატები თვალის გუგის გაფართოებას იწვევს.

ურთხელი ანუ უთხოვარი - ამ მოწითალო-მოყავისფრო თხელქერქიანი ურთხლის გვარის მცენარის სიმაღლე 10-20 მეტრია, განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მეტრამდეც. ყველაზე ხანდაზმული ურთხელი 4 000 წლისა გამოდგა. მისი ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენსა და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის უთხოვრის ყლორტები და წიწვები ნაკლებად ტოქსიკურია.

შხამა მრავალწლოვანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეა, შროშანასებრთა ოჯახისა. მისი ღერო სქელია, მრავალფოთლიანი. აღწევს 1-1,5 მ სი­მაღლეს. იშვიათად გვხვდება ტყის სარტყელში. ის მაღალი მთის საძოვრებზე მეტად გავრცელებული და აბეზარი სარეველაა. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. გვხვდება მთელ საქართველოში - ყაზბეგის, ბორჯომ-ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის მიდამოებში.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე