”პენსიონერს დასაქმება კი არა, ღირსეული პენსია სჭირდება”

”სახელმწიფო ანიავებს დოვლათს, რომელიც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ”

ეკონომისტები პრემიერ-მინისტრის დაპირებაში, რომელიც პენსიონერების დასაქმებას გულისხმობს, ეკონომიკურ საფუძველს გამორიცხავენ და აღნიშნულ განცხადებაში წმინდა პოლიტიკურ მოტივაციას ხედავენ. თავად პენსიონერებისთვის კი გაუგებარია, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, რატომ სთავაზობს მთავრობა ასეთ არაადეკვატურ სიახლეს.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას განცხადებით, მთავრობა მსგავსი ქმედებებით რესურსებს არასწორად ხარჯავს. პენსიონერების დასაქმების პროგრამა კი პენსიონერების ხმების საარჩევნოდ მოპოვების აშკარა მცდელობაა:

”ცალსახად, ეს არის პოპულისტული განცხადება და უკავშირდება არჩევნებს. მას არანაირი ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია. მეორე: ყველაფერი, რაც კეთდება სახლმწიფო ეგიდით ან სახელმწიფო პროგრამით, კეთდება გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე, რომლებიც საზოგადოებაში რეალურ პროდუქტს ქმნიან. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ დოვლათს, რომლიც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ და მოხმარებოდა პროფესიონალი ადამიანების დასაქმებას მომავალში, ინვესტიციებს - საქართველოს მთავრობა ანიავებს. მესამე: რატომ არის ამ შემთხვევაში პენსიონერები ხაზგასმით გამორჩეული? გარკვეულწილად, ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რადგან ვიღაც ან ადამიანების რაღაც კატეგორია, ჯგუფი, გარკვეული პრეფერენციებისა და პრივილეგიების ქვეშ ექცევა. მათ გააჩნიათ გარკვეული შეღავათები და პროგრამა გულისხმობს მათთვის სპეციალურ დასაქმების ღონისძიებებს. ისევ და ისევ, ამ განცხადებას ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს: ადამიანების გარკვეული ჯგუფის, ანუ სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფისთვის მაამებლური შინაარსის მქონე განცახდების გაკეთება და მათი გულის მოგება, რათა არჩევნებში მიიღოს კონკრეტულმა პარტიამ ხმა” - აღნიშნავს აკაკი ცომაია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ცინიკურ შეთავაზებად აფასებს:

”საკმაოდ ცინიკურად ჟღერს ეს შეთავაზება. კვირიკაშვილს და ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ პენსიონერებს დასაქმების პრობლემა აქვთ. ადამიანი მთელი ცხოვრება იმისთვის მუშაობდა, რომ სიბერეში დაისვენოს და სოციალურად უზრუნველყოფილი იყოს. საპენსიო ასაკში დასაქმება წყალობა ნამდვილად არ არის. პენსიონერს დასაქმება კი არა, ღირსეული პენსია სჭირდება, რათა ღირსეულად იარსებოს. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა. პენსიონერებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ განცხადება მაშინ, როდესაც ყველა გამოკითხვის შდეგების მიხედვით, ამ ქვეყანაში 60% - ზე მეტს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, განცდა აქვს რომ ისინი არიან უმუშევბრები - ძალიან ცინიკურად ჟღერს. ვერც წარმომედგინა, ვერც დავუშვებდი, რომ ასეთი იაფფასიანი წინასაარჩევნი დაპირება კვირიკაშვილის პირიდან შიძლებოდა ამოსულიყო”, - აცხადებს გია ხუხაშვილი და იმ ალტერნატიულ ქმედებებს განიხილავს, რომლებიც პენსიონერების საკეთილდღეოდ უნდა განხორციელდეს:

”გასაგებია, რომ პრემიერს მოტივად ჰქონდა, პენსიონერების გული მოეგო და საარჩევნოდ ხმები მოეპოვებინა. ამ კუთხით ორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას: პენსია უნდა იყოს სიღარიბის ზღვარზე მეტი , საარსებო მინიმუმზე მეტი და მეორე: დასაქმდნენ არა პენსიონერები, არამედ მათი შვილები და შვილიშვილები. ჩვენთან ოჯახში როგორ ხდება - შვილი და შვილიშვილი თუ დასაქმებულია არც პენსიონერს აქვს მერე პრობლემა. ეს არის სწორი, ჯანსაღი დაპირება და არა ის, რაზეც ახლა გველაპარაკებიან”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

78 წლის პენსიონერი, ნათელა მამულაშვილი თვლის, რომ ამ ასაკში ის უკვე მუშაობს ვერ შეძლებს. ამ და სხვა მიზეზების გამო პენსიონერი პრემიერ-მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს:

”მუშაობის 39–წლიანი სტაჟი მაქვს. ახლა კიდევ მუშაობა როგორ უნდა შევძლო? სამუშაო კი არ უნდა შემოგვთავაზონ, პენსია უნდა გაგვიზარდონ ან დახმარებები დაგვიმატონ. ჩემი აზრით, პენსია სამუშაო გამოცდილების მიხედვით უნდა გვენიშნებოდეს. ის, ვინც მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო და მე, რომელიც თითქმის 40 წელს ვმუშაობდი, ერთსა და იმავე თანხას არ უნდა ვიღებდეთ. საერთოდ, ამდენი ახალგაზრდაა უმუშევარი, ამდენი პრობლემები აქვთ და იმათ მიხედოს მთავრობამ”, - ამბობს პენსიონერი.

გია ხუხაშვილის თქმით, პენსიონერებისთვის ახალი შეთავაზების მსგავსი პრეცენდენტი ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს:

”ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ გამორიცხულია. იგივე ევროპის ქვეყნებში, პენსიონერს თავისი სიცოცხლის განმავლობაში იმდენი აქვს გამომუშავებული, იმდენად კარგად არის გადაზღვეული სოციალურად, რომ იქ ელოდებიან პენსიაზე გასვლას და ამის შემდეგ იწყებენ მოგზაურობას, თავისუფალ ცხოვრებას. მათ თავისი შრომითი ბიოგრაფიით დაიმსახურეს, რომ ჰქონდეთ ღირსეული სიბერე. ღირსეული სიბერე არ არის სადღაც ღამის დარაჯად მუშაობა რასაც, ფაქტობრივად, დღეს კვირიკაშვილი პენსიონერებს სთავაზობს”, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი და პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პენსიონერები ღირსეული პენსიით უზრუნველყოს:

”მე მინდა პრემიერ-მინისტრს ვუთხრა, რომ პენსიონერს დასაქმება კი არა, ღირსეული პენსია სჭირდება. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. მისი ვალდებულებაა ,რომ პენსიონერს მისცეს დამსახურებული დასვენების საშუალება. რა არის ეს, რა შეთავაზებაა, ვინ ურჩია, როგორ მოუვიდათ თავში, ჩემთვის წარმოუდგენელია” - ამბობს გია ხუხაშვილი.

თამარ კორკოტაშვილი