საქართველოში ხანდაზმულ პირთა რაოდენობა 100 ათასით ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ასაკით პენსიონერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმა ”მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ეფუძნება.

როგორც ამასთან დაკავშირებით ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი, რასაც სწორი პოლიტიკა და სწორი მართვა სჭირდება. მისი თქმით, 60-იანი წლების მონაცემებით, ქვეყანაში 750 ათასით ჭარბობდა ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას, ხოლო დღეს არის პირიქით, როცა ხანდაზმულ პირთა რაოდენობა 100 ათასით ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას.

”რამდენიმე თვის წინ ჩვენ პარლამენტში დადგენილების სახით, დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი მივიღეთ. გამომდინარე იქედან, რომ ერის დაბერების აქტიური პროცესი მიმდინარეობს, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რისთვისაც საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება. ყოფილმა ხელისუფლებამ ხელი ჰკრა და ჩარეცხილებიც კი უწოდა პენსიონერებს. ჩვენ მათ დასაცავად შევქმენით დოკუმენტი, რომელიც გულისხმობთ იმას, რომ მაქსიმალერად უნდა იქნას ასაკით პენსიონერთა უფლებები დაცული, უნდა შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო, უნდა მოხდეს საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია, ასევე დასაქმების კუთხით გამოყენებულ უნდა იქნას მათი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება, უნდა დარეგულირდეს თაობათაშორისი ურთიერთობა, ჯანდაცვითი პროექტები მეტად უნდა იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე. დასაქმების კუთხით იქნება გადამზადების პროექტი, სადაც მოხდება მათი პროფესიული გადამზადება, რადგან ადამიანს შეიძლება აქვს მისი ძირითადი პროფესია, რომლის განხორციელება ხანდაზმულობის პერიოდში მისთვის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება იმის ხარჯზე, რომ თუკი პირი სოციალურად დაუცველია, მას სოციალურად დაუცველის სტატუსი ან საპენსიო განაკვეთი მოეხსნას. სამართლიანი იქნება, რომ შეღავათები დაწესდეს არამხოლოდ მათთვის, არამედ დამსაქმებლისთვისაც, თუკი ისინი პენსიონერთა დასაქმებას შეუწყობენ ხელს”, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ”აბსოლუტურად წარმოუდგენელია ოპოზიციური პარტიების იმ საარჩევნო დაპირების განხორციელება, რომელიც საპენსიო ასაკის შემცირებას ეხება”.