"ყურძენზე ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო არ ჩაერევა"

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძენზე ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო არ ჩაერევა.

ამის შესახებ გიორგი სამანიშვილმა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან და ღვინის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისივე თქმით, წელს ყურძნის მოსავალს ელოდებიან დაახლოებით იგივე რაოდენობით, რაც იყო შარშან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილმა ”რთველის 2016”-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება და შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

შტაბის ფუნქციონირება რთველის პროცესში ჩართულ მხარეებს(სამინისტროს წარმომადგენლები, მევენახეები, მეწარმეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი- 1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩუნებულია - 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.