გერნოტ ერლერი - უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა მოსალოდნელი არ არის

უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა მოსალოდნელი არ არის.

როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებში გერნოტ ერლერმა განაცხადა.

„ბოლო კვირებში თითქმის ყოველდღე ვხედავთ სამშვიდობო ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს, რასაც ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლი მოჰყვა“, - აღნიშნა ერლერმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ სანქციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დადგება, როცა მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს სრულად შეასრულებს.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ზაფხულში, ყირიმის ანექსიიისა და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების გამო დაწესდა.