”საერთაშორისო გამჭვირვალობა” - პარტიებს რეკლამის ღირებულების წინასწარი გადახდა მძიმე ტვირთად დააწვებათ

პარტიებმა რომ რეკლამის ღირებულება წინასწარ გადაიხადონ საკმაოდ მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს მათთვის

, - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

”ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და შეიძლება ცვლილება შევიდეს ამ კონკრეტულ აქტში, ან სხვანაირად გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც შესაძლებელია მართლაც ზიანის მომტანი იყოს”, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, ბილბორდების აბსოლუტური უმრავლესობა არის წინასწარ შესყიდული და შესაბამისად, ახალ პარტიებს შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავისი ბილბორდები ქალაქში განათავსონ.

წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვისთვის პოლიტიკურ პარტიებს წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება დაევალებათ. შესაბამისი ბრძანება გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ 6 აგვისტოს გამოსცა, რომელიც ძალაში 12 აგვისტოდან შევა.