სურსათის ეროვნული სააგენტო „როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ქართულ ატამს ლაბორატორიული კვლევას ჩაუტარებს

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო „როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ქართულ ატამს ლაბორატორიული კვლევას ჩაუტარებს. ამის შესახებ სააგენტოში განაცხადეს

მათივე განმარტებით, მომხდარი ფაქტი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე „არანაირ უარყოფით ასახვას არ ჰპოვებს“.

„ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ტვირთის ინსპექტირებას და სწორედ ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი ტარდება ლაბორატორიული კვლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“, - განაცხადეს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

„როსსელხოზნადზორმა“18,5 ტონა ქართული ატამი საბაჟოზე არ გაატარა. უწყების ცნობით, გუშინ ქალაქ კრასნოდარში საქართველოდან საავტომობილო ტრანპორტით ატმის პარტია ჩაიტანეს.

შემოწმების დროს „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ხილი საშიშ კარანტინულ მავნებელს, „აღმოსავლურ ნაყოფჭამიას“ (Grapholitha molesta Busck.) შეიცავს, რის გამოც უწყებამ 18,5 ტონა ატმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა აკრძალა.