როგორ აფინანსებს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს?

მიუსაფარი ბავშვების არსებობა მთელი მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა.

სწორედ ამ ბავშვების დახმარების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 530 000 ლარია. ამ ქვეპროგრამის ამოცანა მიუსაფარ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაციაა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფში 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები შედიან. მასში გათვალისწინებულია მრავალი ასპექტი: ბავშვის სამოსით და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფა, კვება, ფსიქოლოგიური მომსახურება და ა.შ... ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისსავე ინტერესებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარ ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ დღის ცენტრის მომსახურებით, ასევე კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის და ტრანზიტული ცენტრის მომსახურებით. რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ხარჯი? - დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში - 9 ლარს, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში - 20 ლარს და ტრანზიტული ცენტრის მომსახურების შემთხვევაშიც - 20 ლარს. მიუსაფარ ბავშვებს გაწეული მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ, რადგან ეს ცენტრები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზეა.

ხათუნა ჩიგოგიძე