"ჩვენი პროგრამის მიხედვით, ქართული მანდარინის ფასი 70 თეთრი იქნება"

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსის რეალიზების პროგრამა წარადგინა.

პრეზენტაცია ვარშალომიძემ მეციტრუსებთან შეხვედრაზე გააკეთა და მანდარინის ფასსა და გასაღების ბაზარზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ადგილობრივები ციტრუსს არანაკლებ 70 თეთრად გაყიდიან, ხოლო რეალიზაცია უკრაინაში განხორციელდება. პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიქმნება კორპორაცია, რომელიც ფერმერებისგან, გლეხებისგან და გადამამუშავებელი პუნქტებიდან შეისყიდის მანდარინს.

ვარშალომიძის თქმით, ციტრუსის ჰაბი გაკეთდება უკრაინაში, საიდანაც დაიტვირთება როგორც უკრაინის, ასევე ევროპის ბაზრები:

„აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მანდარინის პრობლემის მოგვარება. ამისთვის საჭიროა მწყობრი გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ პროგრამის მიხედვით, გლეხს და ფერმერს გაუსაღებელი მანდარინი არ დარჩება, გარანტირებულად შეისყიდის მას ის კორპორაცია, რომლის შექმნას საბიუჯეტო სახსრებით ვაპირებთ. ფასი არანაკლებ 70 თეთრი იქნება, გასაღების ბაზარი კი უკრაინა, რომელიც თავის მხრივ, შიდა და ევროპის ბაზრებზე გაიტანს ციტრუსს ხარისხისა და მოთხოვნის მიხედვით. ჩვენ არც ერთი ქვეყნის ბაზრის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა უკრაინა შესწავლილია, ვიცით მათი მოთხოვნა, დიდი გამოცდილება მაქვს მათთან ურთიერთობის და ამიტომ ჰაბი იქნება უკრაინა“, - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა.