საქართველოში საწვავის ხარისხი კრიტიკულ ნიშნულზეა

"საქართველოში საწვავის ხარისხი დამაკმაყოფილებელია"  - გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დასკვნას არ ეთახმებიან სპეციალისტები.გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა და კანონმდებლობიდან მოყოლებული სტანდარტების ჩათვლით, ყველაფერი დასახვეწია.

გარემოს დაცვის სამინისტრომ დედაქალაქში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი 2016 წლის მაისიდან დაიწყო. სამინისტროს თანამშრომლებმა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯები აიღეს და მას ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ქვეყანაში დადგენილ სატანდარტებთან საწვავის ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში ჯარიმა 8 ათას ლარს შეადგენს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი საქართველოს დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება (საუბარია ნავთობპროდუქტში ტყვიის, ბენზოლის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებების განსაზღვრულ მოცულობებზე, რომელსაც არ უნდა აჭარბებდეს სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი).

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექორი ნელი კორკოტაძე განმარტავს, რომ შემოწმდა თბილისში არსებული 9 აპვტოგასამართი სადგური, როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული ობიექტები. მათ შორის "სოკარის", "ლუკოილის", "ვისოლის", "რომპეტროლის", "გალფის", "ფრეგოს" და "ინტერგანის" საცალო სარეალიზაციო სპუნქტები.

კორკოტაძე ამბობს, რომ ბენზინის საწვავში შემოწმდა ოქტანობის და ტყვიის შემცველობა, ასევე გოგირდის მასური წილი, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანუსის და გოგირდის მასური წილი.

სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ავტოგასამართ სადგურზე აღებული სინჯი შესაბამისობაში იყო დღეს კანონმდებლობის დადგენილ ნორმებთან. არსად დარღვევა არ დაფიქსირდა.

როგორც კორკოტაძემ "კომერსანტს" განუცხადა, ყველა დასახელებულ ავტოგასამართ სადგურზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაუფრთხილებლად შევიდნენ. სამინისტრო უახლოეს მომავალში საწვავის კვლევის მიმართულებით შემოწმებას რეგიონებშიც გეგმავს.

ჩატარებულ შემოწმებას გარემოსდამცველები სკეპტიკურად უყურებენ და ეჭვქვეშ მის შედეგებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მუდმივად მიდის საუბარი, რომ ჰაერი დაბინძურებულია და ამას კვლევებიც ადასტურებს, ასეთ შედეგის დადება ცოტა გაურკვეველია.

მისი შეფასებით, აუცილებელია მოხდეს შედეგების სხვადასხვა ორგანოში გადამოწმება. "გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს შეასრულა ისე, როგორც კანონმდებლობაშია, თუმცა არსებობს ქიმიის ინსტიტუტი, ასევე არსებობენ ლაბორატორიები, რომლებსაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ალტერნატიული შემოწმება. ეს აუცილებელია. მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობა არ შეიძლება", - განაცხადა რუსუდან სიმონიძემ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გაცდა, "საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს" ანგარიშის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსოფლიო მასშტაბით ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა საქართველოშია. გარემოს დაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომ საქართველოში დაბინძურება მართლაც პრობლემურია, თუმცა არც ამ მასშტაბებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც ამბობს, რომ საქართველოში არსებული საწვავის სტანდარტი ევრიოპული არ არის. ამიტომ, რამდენიც უნდა ვამოწმოთ, სარეალიზაციო ქსელში არსებული პროდუქტი ყოველთვის დააკმაყოფილებს იმ ნორმას, რაც ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს არსებული სტანდარტების ევროპულთან მიახლოება.

გიორგი ხელაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"