"სექტემბერ-ოქტომბერში ხორბალი და ფქვილი გაიაფდება"

ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-2017 წლების სეზონში 20 მილიონი ტონით მეტი იქნება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს.

ორგანიზაციის წინა ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2026 მილიონი ტონა იყო. ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაიაფებას პროგნოზირებენ.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ფასების კლების ტენდენცია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ბურღულეულზე ფასები შემცირდება. მისი თქმით, ფასების შემცირებას სექტემბერი-ოქტომბრიდან უნდა ველოდოთ.

„ბუნებრივია, ფასის კლება საქართველოსაც შეეხება, ძირითადად ხორბალთან დაკაშირებით. ჩვენ მიბმული ვართ რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ბაზარს. რუსეთში ტონა ხორბალი 160 დოლარი ღირს, რაც გაუგონრად დაბალი ფასია.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში 130 მილიონ ტონამდე მოსავალს ელოდებიან და  ყველაფერს აკეთებენ, რომ 30 მილიონზე მეტი ქვეყნის გარეთ გაიტანონ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასი ძალიან დაბალი იქნება. შესაბამისად, პურის ფასიც დაიკლებს.  ბაზარი ფასებს თავად  დაარეგულირებს და ფასები მთლიანად ბურღულეულზე დაეცემა. ფასების კლებას სექტემბერ-ოქტომბერში ველოდებით. გარდა საქონლის ხორცისა, ფასები ყველგან დაეცემა“, - განაცხადა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.

ლიკა ამირაშვილი