ახალი სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 400-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გაიცა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსიში” გაეცნო.

როგორც  ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის მოადგილე ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, რა შეცვალა ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ და რამდენად მოქნილი გახდა მომსახურება ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ.

კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ ექიმებს დანიშნულების მარტივად და ოპერატიულად გამოწერის შესაძლებლობა მისცა.

„დანიშნულება იწერება ელქტრონულად, რაც ავტომატურად გადმოდის ისტორიებში, კლინიკაში არის ელექტრონული ისტორიები და ეს მათ ძალიან უმარტივებს მუშაობას,“ - აღნიშნა კლინიკა „მედსის” მენეჯერმა ნინო ქობულაძემ.

ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის გაცემის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციასაც გაეცნო. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, ახალი სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 400-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გაიცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა 11 აგვისტოს ამოქმედდა. ამ დროისთვის ახალ სისტემაზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.