"ოქროს კაკლებს" 20 წლის შემდეგ მოვიმკით"

საქართველოში ფსტა (ფისტა), იგივე ბუსტუღი, სამეურნეო მიზნით ფართოდ არ გამოიყენება.

თუმცა დღეს ამ კულტურის გამრავლებისა და განვითარების პერსპექტივა ნელ-ნელა ჩნდება. ის ყველაზე ძვირად ღირებული კაკლოვანი კულტურაა. აშენებენ როგორც სამეურნეო მიზნით, ასევე კარგია ნიადაგის გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე შესწავლა მიმდინარეობს, რათა ფსტისთვის ხელსაყრელი გარემო დადგინდეს. ამ კულტურით არაერთი ქართველი ფერმერი დაინტერესდა.

ბუსტუღი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ბევრ წყალს და არც ნიადაგის გასანოყიერებლად სჭირდება ქიმიური სასუქები. შესაბამისად, მისი მოსავალიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ეს მცენარე ნახევრად უდაბნოს ტიპის ნიადაგზე ხარობს და პროდუქტიულობას 3-4 საუკუნე ინარჩუნებს.

ჩვენს ბაზარზე ფსტა მთლიანად იმპორტირებულია და ამ კულტურის მოშენებით იმპორტიც ჩანაცვლდება. როგორც ფერმერი გიორგი მასურაშვილი ამბობს, ამ კულტურაზე მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს. მან მომცრო პლანტაცია ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში გააშენა. ფერმერს სათესლე მასალა, ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან, შემოაქვს და ნერგები გამოჰყავს.

- საქართველოში ფსტის ხე არ არსებობს. ამ კულტურის გაშენება პირველად ჩვენ დავიწყეთ. ნერგები ჩვენგან სხვადასხვა სოფელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაქვთ. შემსყიდველებზე ცნობებს ვაგროვებ, ვინიშნავ, სად და რამდენ ძირს რგავენ, როგორ მიდის მათი ზრდა-განვითარება. სადაც კი დარგეს, ყველგან გაიხარა.

- რა გიჯდებათ 1 კილოგრამი სათესლე მასალის შემოტანა?

- დაახლოებით 180 ევრო. ასგრამიან პაკეტებში დაფასოებული იმპორტირებული ფსტის ნაყოფის საშუალო ფასი 18-25 ლარია.

კაკლოვნებს შორის ფსტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს. მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე ნიგვზის, თხილისა თუ სხვა კაკლოვნებისას ბევრად აღემატება და სტაბილურობითაც გამოირჩევა. ნერგი მოსავალს 8 წლის შემდეგ იძლევა, თუმცა აყვავებიდან 300 წელიწადს ხარობს. ბუსტუღის მოყვანა მომგებიანია.

- ნერგის მოყვანის თქვენეულ გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

- თესლი უცხოეთიდან შემომაქვს და ნერგი გამომყავს. სანამ ნერგების გაყიდვას დავიწყებდი, პატარ-პატარა ცდებს ვატარებდი. ამ ცდებში შედიოდა როგორც გაღივების პროცესი (როგორ ამოვიყვანოთ), ასევე სხვადასხვა ნიადაგში დარგვა. როგორ ხარობს, რა ნიადაგი და რა მოვლა სჭირდება, ნერგის შემსყიდველებს დეტალურად ვუხსნი.

ჩემი ექსპერიმენტი უპირველესად საქართველოში ფსტის კულტურის აღდგენას ემსახურებოდა.

ჩვენს ქვეყანაში ძველად ყოფილა ბუსტუღი, მაგრამ გადაშენებულა, ყურადღება აღარ მიუქცევიათ. ამაზეა სწორედ საუბარი თეიმურაზ მეფის წიგნში "ხილთა ქება"...

წესების დაცვით ფსტის ნერგების გამოყვანა წლების წინ გადავწყვიტე, 2 წლის წინ კი, ნერგების გაყიდვაც დავიწყე, რითაც­ ამ კულტურის გავრცელებას ვუწყობ ხელს. თესლის სხვადასხვა ნიადაგზე მოსინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ მშრალ, გამტარ ნიადაგში ხარობს კარგად, ასევე ნახევრად უდაბნო მიწებში. იტანს გაუსაძლის გვალვასაც. პერიოდულად მორწყვა უხდება, რაც მის ზრდა-განვითარებაზე აისახება. არ უყვარს ჭაობიანი ან მუდმივად ნესტიანი მიწა. ასევე ნაკლებადაა შეგუებული წითელ აყალო (თიხნარი) ნიადაგს. ადვილად გაიხარებს, თუ ნერგები კონტეინერით (დახურულ ფესვთა სისტემით) გადაირგვება (ასაკით 7-დან 90 დღემდე).

- ყინვაგამძლე მცენარეა?

- უძლებს მინუს 30 გრადუს ყინვას და პლუს 50 გრადუს სიცხეს. ძნელია სხვა მსგავსი მცენარის ჩვენთან ნახვა. მოკლედ, კლიმატური პირობების გამო არ იღუპება.

- ნერგებს შორის რა მანძილი უნდა დავიცვათ?

- ნერგებს შორის დარგვის მანძილი 5 მეტრია (400 ერთეული 1 ჰექტარზე). მათი კონტეინერებით გადარგვა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. ფსტა ერთად­ერთი კაკლოვანი კულტურაა, რომელიც სწრაფად განივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას. მაგალითად, 3 დღის აღმოცენებულ ნერგს ფესვი 25 სმ-ზე მეტი აქვს. ამის გათვალისწინებით ნერგები 3 თვემდე­ უნდა გადაირგოს, ფესვთა სისტემას არ უნდა შევეხოთ, რათა არ დაბუჩქდეს და გაიზარდოს როგორც ხე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ლალი ფაცია