სოფელ ატენში ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა, - ამის შესახებ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „შატო ატენში“ ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს და დაათვალიერონ ვენახები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. ადმინისტრაციამ განაახლა პროექტი „ღვინის გზა“, მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირება. რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მანიშნებლები და სახელობითი დაფები.