სტიქიამ სენაკის სამხედრო დასახლებაში არსებული დევნილთა კორპუსები დააზიანა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ორი დღის წინ, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, სენაკის სამხედრო დასახლებაში არსებული დევნილების საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

როგორც სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ეს არის საცხოვრებლები, რომელიც დევნილებს დაკანონებული აქვთ.

მინისტრის განმარტებით, სტიქიის დროს დაზიანდა 3 კორპუსი, რომელსაც რემონტის მიზნით სახურავები გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად კი 16 ოჯახის პირობები არის ძალიან მძიმე.

„მთლიანობაში 55 ოჯახი დაზარალდა. შპს, რომელსაც ტენდერი მოგებული ჰქონდა, იღებს პასუხისმგებლობას, რომ თავისი ხარჯებით ყველა ოჯახს აღუდგინოს ის დაზიანება, რაც მათ მიადგა, ხოლო 16 ოჯახი დროებით ქირით გადავიყვანეთ, სანამ მათი საცხოვრებლები სრულად არ გარემონტდება“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სენაკის სამხედრო დასახლებაში დევნილთა 30-ზე მეტი კორპუსია და ამ კორპუსების სახურავების და იატაკების გამოცვლის პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ეს ნაწილი ნახევარი მილიონი ჯდება და ოქტომბერში დასრულდება. რაც შეეხება პროგრამის მეორე ნაწილს, ის 1,5 მილიონ ლარამდე დაჯდება და დაიხარჯება იმ ჭაობის დაშრობისთვის, რომელიც ამ კორპუსების ირგვლივ არსებობს.