ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი რეისი 23 სექტებრიდან შესრულდება

რეისები შესრულდება: ბერლინის, მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკას და სოფიას მიმართულებით.

ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით 23 სექტებრიდან 7 ახალი რეისი დაემატება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის.

მისი თქმით, რეისების დამატება შესაძლებლობას იძლევა, რომ ევროპის მიმართულებით მგზავრებმა შეღავათიან ფასებში იმგზავრონ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ავიაკომპანია "ვიზეარი" შეასრულებს. რეისები შესრულდება: ბერლინის, მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკას და სოფიას მიმართულებით.

ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო. რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.