ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის პროექტით ყაზახეთის ცენტრალური ბანკი დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმატებული პროექტით ყაზახეთის ცენტრალური ბანკი დაინტერესდა, - ამის შესახებ  ეროვნული ბანკში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ყაზახეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია, ბანკის მმართველის მოადგილის დინა გალიევას ხელმძღვანელობით ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება და ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

დღეს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა სტუმრებს საკასო ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია.

”ვიზიტის პერიოდში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმომადგენლები ყაზახ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას საკასო ოპერაციების და უსაფრთხოების ნორმების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელიც მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დაეხმარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი 2012 წელს გაიხსნა. ცენტრი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.