ტექდათვალიერების შემდეგ ამორტიზებული მანქანების რიცხვი 10-15%-ით გაიზრდება

საქართველოში გამოუსადეგარი, უმოძრაო ავტომობილების რაოდენობა 100 ათასამდეა.

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ მათი რაოდენობა 10-15%-ით გაიზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  მართალია, ეს პროცესი ავტომობილების ჩამოწერას არ გულისხმობს, მაგრამ ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელთაც ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება, უბრალოდ, არ მოუნდება.

თუმცა, სად წავა ჩამოწერილი მანქანები, უცნობია, რადგან ქვეყანას მათი უტილიზაციისთვის არანაირი პირობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ჯართს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, სხვა ალტერნატივა არ აქვს.

სპეციალისტების შეფასებით, ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფოს მიდგომა არასწორია და არ არსებობს ხედვა, რომელიც ამ დარგში პრობლემას მოაგვარებს. ამდენად, როგორც ექსპერტები ამბობენ, რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად ავტომობილების უტილიზაცია საქართველოში ის თემაა, რომელზეც მთავრობას არანაირი წარმოდგენა არ აქვს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის ვარაუდით, ტექდათვალიერების შემდეგ, როგორც კი მანქანები ამ პროცესს გაივლიან, ქვეყანაში ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი 100 ათასითაც შეიძლება, შემცირდეს.

ეს ის რაოდენობაა, რომელიც პატრონს არ ემსახურება და უმეთვალყურეოდ არის მიგდებული ქუჩებში, ჩიხებში, სოფლის ღობეებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშიც კი.

"უმოძრაო, გაჩერებული მნაქანების ჩამოწერა არ ხდება, რაც კანონმდებლობაში დიდი ხარვეზია. წესით, ამ პროცესს კანონი უნდა არეგულირებდეს. თუმცა, რეალურად არცერთი უწყება ავტომობილების უტილიზაციის საკითხით არ დაინტერესებულა. "რეზონანსი" ჩვენს სინამდვილეში, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელმაც ეს თემა წამოჭრა და უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან სიახლეა ბაზრისთვის.

როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში 1,2 მილიონი ავტომობილი მოძრაობს, ეს არის რეგისტრირებული და მოიცავს ყველა ავტომობილს წლოვანებისა და სხვა მახასიათებლების მიუხედავად. ჩემი აზრით, 100 ათასი შეიძლება იყოს ისეთი მანქანა, რომელიც გაჩერებულია და არ მოძრაობს. მათი ჩამოწერის შემთხვევაში, ეს რიცხვი სავარაუდოდ 10-15%-ით გაიზრდება. ამასთან, ავტომობილების რაოდენობის ზუსტი სტატისტიკაც გვეცოდინება", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სამსახური, რომელიც გამოუსადეგარი მანქანების ჩამოწერას მოახდენს. ამავდროულად, უნდა გვქონდეს მათი უტილიზაციის შესაძლებლობა, რომ ავტომობილის მფლობელს მისი რეგისტრაციიდან მოხსნა და მოშორება გაუადვილდეს.

"საქმე ისაა, რომ არ ვიცით, სად უნდა წავიდეს ჩამოწერილი მანქანები, ჩვენ რეალობაში ეს არის ჯართი, სხვა არანაირი საშუალება არ ჩანს. რეგისტრაციის გაუქმება, როგორც ასეთი, არ ხდება. ტექდათვალიერების გასავლელად, როგორც წესი, მძღოლს უწევს მომზადება, გარკვეული თანხის მობილიზება. ზოგს ჰყავს ისეთი მანქანა, რომ 300-400 დოლარზე მეტად ვერ გაყიდის. ელემენტარულად, ძრავა უნდა გაარემონტოს, სამუხრუჭე სისტემა გამართოს და ა. შ., უამრავი დეტალია, რომელსაც ტექდათვალიერება მოითხოვს. ფაქტობრივად, ეს თანხა 400 დოლარზე მეტი გამოდის.

ცხადია, არავინ დაიტოვებს ისეთ მანქანას, რომლის ღირებულებასაც გადააჭარბებს რემონტი. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციიდან უნდა მოხსნას. ამიტომ ტექდათვალიერების გავლას თვითონ მძღოლი არ ისურვებს. საბოლოოდ დადგინდება ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში. ჩვენთან თუ ევროპული მიდგომა იარსებებს, ცხადია, ჩამოწერის ინსტიტუტის არსებობაც აუცილებელი გახდება", - განმარტავს დავით მესხიშვილი.

ამავე დროს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოსახლეობაში ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ბევრი გაუგებრობაა. ხალხმა, ელემენტარულად, არ იცის, რომ ამ შემთხვევაში მანქანების ჩამოწერა არ ხდება და სატრანსპორტო საშუალების ხნოვანება ტექდათვალიერების წარმატებით გავლას ხელს არ შეუშლის.

როგორც "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, მანქანის სიძველესთან დაკავშირებით მძღოლს არანაირი შეზღუდვა არ ექნება.

"ტექნიკური დათვალიერება არ გულისხმობს, რომ რომელიმე ავტომობილი უნდა ჩამოიწეროს ან გაჩერდეს. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ მძღოლს არ ექნება. თუ მოქალაქეს ჰყავს საბჭოური წარმოების, 70-იანი წლების მანქანა, რა ტექნიკური მახასიათებლებიც მას აქვს გაწერილი, მხოლოდ ის მოეთხოვება. კერძოდ, უნდა იყოს გამართული სამუხრუჭე მექანიზმი, განათების სისტემა და სხვა.

ამავე დროს, სპეციალური საავტომობილო აფთიაქით უნდა იყოს აღჭურვილი, ჩაქუჩითა და სხვადასხვა აგრეგატით, რომლის შეძენა მძღოლს შეეძლება. ის მოსაზრება და სტერეოტიპი, რომ ტექდათვალიერებისას მანქანები შეიძლება ჩამოიწეროს, არასწორია. ეს პროცესი უკავშირდება მხოლოდ ტექნიკურად თუ გაუმართავია, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს", - განმარტავს ვასო ურუშაძე.

თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მძღოლების გარკვეული ნაწილი, რომელიც ძველ მანქანას ფლობენ, შესაძლოა, ტექდათვალიერების მიღმა დარჩნენ.

"ტექდათვალიერების შედეგად შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ არ მოუნდეს თანხის დახარჯვა და მანქანის მოწესრიგება. აბსოლუტურად სხვა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო საკითხია, სად წავა ასეთი მანქანა, თუ მისი ჩამოწერა არ მოხდა? უტილიზაცია ტექდათვალიერებასთან არ არის კავშირში.

ქალაქებში, სოფლებში ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებიც ყრია უპატრონოდ და არ მოძრაობს. არ არსებობს სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. გერმანიაში ეს არის ფასიანი მომსახურება, როცა აღარ სჭირდება პატრონს მანქანა და ვერც გაყიდის, სარგებლობს კერძო კომპანიის მომსახურებით, რომელსაც მიაქვს ეს მანქანა. ეს რესურსი არ იკარგება, გადაამუშავებენ. ჩვენთან მსგავსი რამ არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შესაძლებლობას, რომ ჯართში ჩავაბაროთ და მოვიშოროთ.

რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვა, თბილისის ცენტრში არაერთი შემთხვევაა, როცა ავტომობილი დგას უპატრონოდ, არ ემსახურება მძღოლს და წლებია, არ განძრეულა. იგი ქალაქის იერსახეზეც უარყოფითად აისახება და ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების თვალში", - აცხადებს ვასო ურუშაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"