სამეგრელოში გაჩენილმა თხილის დაავადებამ ნაყოფის ხარისხი მკვეთრად გააფუჭა

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება პრობლემების ფონზე მიმდინარეობს.

ფასის არასტაბილურობას ემატება დაბალი ხარისხიც. როგორც თხილის მწარმოებლები და ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში თხილის მარცვალი იმდენად უხარისხოა, მოგროვებაც კი არ უღირთ. მათივე თქმით, თუ თხილის მიმღებ პუნქტებში ადრე თხილს თითქმის შეუმოწმებლად იბარებდნენ, წლეულს მისი ხარისხი იმდენად დაეცა, რომ ლამის სათითაოდ დაამტვრიონ და გული შეუმოწმონ.

"თხილის ისეთი დაავადება გავრცელდა, რომელმაც ძალიან გააფუჭა ნაყოფი. თხილი არათუ დაბალ ფასად, შეიძლება საერთოდ არ ჩაიბარონ. არადა, ხალხს შემგროვებლები უკვე დაქირავებული ჰყავს, დღეში, 25-დან 30 ლარამდე უხდიან, ამას ემატება კვების ხარჯებიც. ასე წვალებით მოგროვებული თხილი თუ ვერ გაყიდეს, რად უნდათ, საერთოდ რისთვის შეაგროვონ", - ამბობს კახეთში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ანზორ კილასონია.

ბოლო მონაცემებით, 1 კგ თხილის ფასი 3.50-დან 4 ლარამდეა. თუმცა ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, ორი დღის წინ 1 კგ. თხილი 5 ლარზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ ერთბაშად დაეცა.

როგორც ანაკლიაში მცხოვრები დათო ფეტელავა ამბობს, მოსავლის აღების კვალდაკვალ გაჩნდნენ მცენარის ახალი მავნებლები, რომლებმაც თხილის მარცვლის ხარისხი მნიშვნელოვნად გააფუჭეს.

"რაღაც უცნაურობა ხდება. ერთ ეზოში შეიძლება თხილი არაფრად ვარგოდეს, მის გვერდით კი ნაყოფი საღი იყოს. რამდენიმე დღის წინ სოფელ დარჩელის თხილის ჩამბარებელ პუნქტში ახალი ნედლეული, დაახლოებით ერთი ტონა თხილი არ ჩაიბარეს. ჩამბარებლების თქმით, თხილი გარედან კარგი იყო, მაგრამ შიგნით შავი გული ჰქონდა და გემო დაკრავსო", - ამბობს ფეტელავა.

როგორც სამეგრელოს მიმღებ პუნქტებში აცხადებენ, შედარებით კარგი ხარისხის თხილი მოვიდა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში. შესაბამისად, მისი ფასიც უფრო მაღალია.

ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ წელს თხილის ბაღებში სხვადასხვა სახის მავნებლები გავრცელდა - ისეთი, როგორიცაა თხილის შავი ხარაბუზა, თხილის მატლი - ცხვირგძელა, თხილის ტკიპა, მწვანე ბაღლინჯო და ამბროზიას ხოჭო. შედეგად, მცენარის ნაყოფი დაზიანდა. მწერების გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ მცენარეები დროულად არ შეიწამლა. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი გეგმავს მასშტაბურ შეწამვლას ისე, როგორც ეს ე.წ. ამერიკული პეპელას შემთხვევაში განხორციელდა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში გლეხმა ადრე გაზაფხულზე ბაღები უნდა შეწამლოს სპეციალური ხსნარი - B 58-ით, მოჭრას დაზიანებული ტოტი და გაანადგუროს. სათანადო ზომების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ნაყოფი გაფუჭებას გადაარჩინონ.

ადგილობრივები გამგეობის დაპირებებს სკეპტიკურად უყურებენ. მათი თქმით, ამ პრობლემას საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა გაზაფხულზეც, მაგრამ ამ დროს მუნიციპალიტეტში მხოლოდ რჩევა-დარიგებებით შემოიფარგლნენ.

ლალი პაპასკირი