საქართველოში „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება 100 მილიონ დოლარამდე დაჯდება

ელექტროენერგიის სფეროში საათობრივი ვაჭრობის ინფრასტრუქტურის დანერგვის მიზნით, საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები დამონტაჟდება.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს, ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, ბაზრის მოდელის შეცვლა სურს. რაც ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით საათობრივი ინფრასტრუქტურის დანერგვას გულისხმობს.

”ელექტროენერგიაც პროდუქტია. როცა მისი მოხმარება მაღალ დონეზეა, უფრო ძვირი ღირს. ამიტომ დღის საათებში (მაღალი მოხმარების საათებში) როგორც წესი, ელექტროენერგია ძვირია, ღამის საათებში - იაფი. შესაბამისად, ბაზარზე ეტაპობრივად, საათობრივი ვაჭრობის პრინციპის დანერგვა, საცალო დონეზეც იმავე პრინციპების გატარებას გამოიწვევს. მომხმარებლის მრიცხველს უნდა შეეძლოს, აღრიცხოს ნებისმიერ საათში რა სიმძლავრეს და რა ელექტროენერგიას მოიხმარს კონკრეტული მომხმარებელი. სამომავლო პერსპექტივაში ტარიფებიც იქნება სხვადასხვა. თუ მომხმარებელს ეკონომიის გაკეთება შეუძლია, ის სარეცხის მანქანას არ ჩართავს მაშინ, როცა ელექტროენერგია ყველაზე ძვირი ღირს და ჩართავს ღამე. ამიტომ ეს ეხმარება მთელ სისტემას, რომ დაიგეგმოს უფრო ოპტიმალურად. შედეგად სასისტემო ხარჯები ჯამში შემცირდება”, - განმარტავს მარიამ ვალიშვილი.

მისივე თქმით, საბითუმო დონეზე პროექტის განხორცილება უკვე დაწყებულია. თუმცა ეს მხოლოდ მსხვილ მომხმარებლებზე ვრცელდება - ძალიან დიდი ინდუსტრიული ობიექტების შემთხვევაში. ენერგეტიკის სამინისტრო შემდეგ ეტაპზე მსხვილი კომერციული ობიექტების ახალ სისტემაში ჩართვას გეგმავს, მოსახლეობის ”ჭკვიანი მრიცხველებით” უზრუნველყოფა კი ჯერჯერობით, სამომავლო პერსპექტივაა.

”ჩვენ გადავალთ შემდეგ სეგმენტზე, რომელიც იქნება სხვა მსხვილი კომერციული ობიექტები. მაგალითად, ეს იქნება ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები. მოსახლეობაში „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება ძალიან შორეული პერსპექტივაა, რადგან ეს მრიცხველები საკმაოდ ძვირი ღირს და ინვესტიციების კუთხით იქნება დიდი ზეწოლა საინვესტიციო კომპონენტის განაწილების ტარიფში. ამიტომ ეს განხორციელდება ეტაპობრივად, რათა ელექტროენერგიის ფასის შეღავათმა დააკომპენსიროს გაწეული ინფრასტრუქტურული ხარჯი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხარჯი. სარგებელიც უნდა მოყვეს. შემდეგი ეტაპი არის 19-20 წელი, როდესაც ჩვენ ვგეგმავთ საათობრივი ბაზრის საბითუმო დონეზე შემოტანის პრინციპის დანერგვას. სადაც ძირითადად, მსხვილი ობიექტები ივაჭრებენ”, - აღნიშნავს მარიამ ვალიშვილი და განმარტავს, რომ მთლიანად, საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.

თამარ კორკოტაშვილი