სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის 18,5 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს,  აღნიშნული პროექტი, დღემდე განხორციელებულ საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს: 18, 5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.