ქუთაისში სამკერვალო საწარმო ,,იმერი" ფართოვდება

ქუთაისში, სამკერვალო საწარმო ,,იმერში" ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

,,იმერი“ სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფართოვდება. საწარმოში ამ ეტაპზე 450 თანამშრომელი მუშაობს. დამატებითი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი სამკერვალო საამქრო კიდევ 200 ადამიანს დაასაქმებს. საწარმოს დირექტორის მაია სიმონიძის თქმით, ,,იმერი“ თანამშრომლების მისაღებად ვაკანსიებს 20 სექტემბრიდან გამოაცხადებს. სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ქუთაისის მერი ,,იმერის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

„კომპანია წარმატებულად მუშაობს, რადგან მოგებული აქვს უამრავი ტენდერი, დაკვეთებს იღებს როგორც სახელმწიფოსგან (სპეცტანსაცმელი), ასევე უცხოური ქვეყნებისაგან. სამკერვალო კომპანია ,,იმერს" გააჩნია საქმიანობის 90-წლიანი გამოცდილება. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისთვის. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ,,ლებეკთან", რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება. წელი გაყოფილია ორ სეზონად - საზაფხულო და საზამთრო. შეკვეთა სრულდება ერთი სეზონით ადრე (ზამთარში იკერება საზაფხულო ტანსაცმელი).

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.