რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი სტუდენტები სასწავლებლად

საზღვარგარეთ განათლების მიღება დღეს განსაკუთრებით სასურველი და აქტუალურია.

ხშირად ქართველი ახალგაზრდები სწავლის გაგარძელებას საზღვარგარეთ ამჯობინებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ახალგაზრდები. განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთადერთია, რომელიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.

2014-2016 წლებში ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი - 69 სასწავლებლად აშშ-ში წავიდა, დიდ ბრიტანეთში - 53, საფრანგეთში - 23, გერმანიაში - 19, ნიდერლანდებში - 18. ამავე პერიოდში დაფინანსებული პროგრამებიდან 52 პროცენტი ქალზე მოდის, ხოლო 48% მამაკაცზე. აღნიშნულ პერიოდში ცენტრმა 270-მდე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა.

ვიოლა ასლანოვა: „წელს სასწავლებლად მივემგზავრები ჩეხეთში. პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ჩემი მიმართულებაა ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა. ეს ქვეყანა და უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი აზრით, ამ მიმართულებით საუკეთესოა“.

საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირად აპლიკანტები დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას ირჩევენ, თუმცა დაფინანსების თვალსაზრისით პირველ ადგილზე ამერიკაა.

„ეს იმტომ ხდება, რომ ამერიკაში სტუდენტები ხშირად თანადაფინანსებას თავად უნივერსიტეტიდან იღებენ. დინამიკა ასეთია - ბრიტანთი, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია. თუმცა ყოველწლიურად მონაცემები შეიძლება შეიცვალოს კიდეც“, - აღნიშნავს ნინო ჭელიძე.

განათლების საერთაშორისო ცენტრს რამდენიმე პროგრამა აქვს. ესენია - სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამები, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რომელიც გათვლილია მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს.

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული აპლიკანტი ვალდებულებას იღებს, რომ საზღვარგარეთ პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდეს და 3 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმაროს.

ლიკა ამირაშვილი