ალეკო ელისაშვილი - საკრებულოში ინიციატივას შევიტანთ, რომ ხის მოჭრა გახდეს უმძიმესი დანაშაული

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისადმი მიმართვას აპირებს.

ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციაზე თავად განუცხადა.

მისივე თქმით, იგეგმება საკრებულოში გარკვეული ინიციატივის შემუშავებაც.

”პირველ რიგში თანამდებობიდან უნდა გადადგეს გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. ჩვენ პროკურატურაში ხვალ იურისტთა ასოციაციასთან ერთად შევიტანთ განცხადებას და მოვითხოვთ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხი აგოს იმ ექსპერტმა, რომელმაც დაწერა, რომ ყაზბეგის ქუჩაზე არის გამხმარი და ზეგამხმარი ხეები. ასევე ინიციატივას შევიტანთ საკრებულოში, რომ ხის მოჭრა გახდეს უმძიმესი დანაშაული და კანონის დამრღვევმა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი. პასუხი ვაგებინე ავაზაკ მთავარ არქიტექტორს და ახლა ამ ქალბატონის ჯერია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.