იცავენ თუ არა სუპერმარკეტებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს?

სუპერმარკეტებში სურსათის შენახვის პირობები ირღვევა. პრობლემა განსაკუთრებით მცირე მარკეტებში შეიმჩნევა.

კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე უვარგისი პროდუქტი მაინც იყიდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევითაც დასტურდება. როორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევის ავტორების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად შენახვის პირობები სამაცივრე დანადგარების გამორთვის გამო ირღვევა.

ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენა ადვილად შეუძლია მომხმარებელსაც, როცა პროდუქტს დილის საათებში ყიდულობს. მაცივრებში გამლღვალი ან დარბილებული საკვების აღმოჩენა მოწმობს, რომ მაღაზიაში დენი გამორთული იყო.

მომხმარებელთა საჩივრებში, რომლებიც კომპანია "ეტიკს" ზაფხულის განმავლობაში დაუგროვდა, ასეთი ფაქტი საკმაოდ ბევრია. კომპანიის ხელმძღვანელ ამირან შენგელიას ინფორმაციით, დარღვევებს ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე მის მიმდებარე ქალაქებსა თუ ხსვა რეგიონებშიც, სადაც ბიზნესოპერატორები მაცივრებს ეკონომიის მიზნით თიშავენ.

მხოლოდ 2 დღეა, რაც კომპანია "ეტიკი" კვლევას რუსთავში ატარებს. ამიტომ გამოვლენილ დარღვევებზე შენგელია ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ბევრი ასეთი ფაქტია და ამ მხრივ განსაკუთრებით მცირე მარკეტები ცოდავენ.

მისი განმარტებით, ბიზნესოპერატორმა აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა სახის პროდუქციის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, წინააღმდეგ შოემთხვევაში პროდუქციის შენახვის ვადა აღარ მოქმედებს და ასეთი პროუქტის საკვებად გამოყენება სახიფათოა.

"ზაფხულის სეზონზე ყველაზე მეტი შენიშვნა მომხმარებელს ტემპერატურულ რეჟიმთან დაკავშირებით აქვს. მყიდველი, რომელიც დილით მაღაზიაში შედის, ამ ფაქტს ადვილად ამჩნევს. ზოგი უყურადღებოა, მაგრამ არის ისეთი მომხმარებელი, რომელიც ასეთ დროს მოგვმართავს და ითხოვს, რომ მოვახდინოთ რეაგირება.

სურსათის უვნებლობის სამსახური ამ მიმართულებით მკაცრ კონტროლს ახორციელებს და ასეთი ფაქტების შემცირება მისი უდავო დამსახურებაა. თუმცა დიდია ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილიც. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვცდლილობთ გამოვააშკარაოთ დარღვევები და მომხმარებელთა უფლებები დავიცვათ. ამ ეტაპზე რუსთავში ვიმყოფებით, რამდენიმე ობიექტი შევამოწმეთ. საბედნიეროდ, პრობლემა მასობრივი არ არის, როგორც წინა წლებში იყო, თუმცა, გარკვეული დარღვევები აქაც გამოვლინდა", - აცხადებს ამირან შენგელია.

ამასთან, როგორც უფლებადამცველი ამბობს, მაღაზიაში, სადაც არ თიშავენ მაცივარს ან არ იცავენ ტემპერატურულ რეჟიმს, არ არის უსაფრთხო პროდუქტის ყიდვა იმ ვადამდეც კი, რომელიც ეტიკეტზე აწერია.

"დახლმაცივრიდან პროდუქტის ამოღებისას ბევრს შეუმჩნევია, მათ შორის მეც, რომ საკმარისად ცივი არ არის. ხორცპროდუქტების შემთხვევაში კი, ეს ადვილად დასტურდება გაყინული სისხლით, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქტი ერთხელ უკვე გალღვა. როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი დაირღვევა, ის გაფუჭებას იწყებს და ჯანმრთელობისთვის საშიშია", - ამბობს იგი და დასძენს, რომ სავალდებულო უნდა გახდეს თერმომეტრის დამონტაჟება მაცივრებში, რათა მომხმარებელი ხედავდეს, რა ტემპერატურაზე ინახება პროდუქცია.

შენახვის პირობების დარღვევისა და მაცივრების გამორთვის პრობლემის არსებობას ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. როგორც სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე ამბობს, დარღვევებმა აშკარად იკლო და ამ მხრივ ტენდენცია უდავოდ პოზიტიურია. თუმცა, მცირე მარკეტებში სურსათის შენახვის პირობებთან დაკავშირებით პრობლემა მაინც არსებობს.

"ვერ გეტყვით, რომ პრობლემა მოგვარდა, თუმცა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა წლებში იყო. საუბარი არ არის მხოლოდ მაცივრების გამორთვაზე, უამრავი სხვა პირობაა, რაც სურსათის უვნებლობას განაპირობებს. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რა ვადები და შენახვის პირობები უნდა იყოს დაცული პროდუქტის შენახვისას, რათა სურსათი შესაბამისი სახით, უვნებლად მიეწოდებოდეს მომხმარებელს. ეტიკეტზე მითითებული პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ბიზნესოპერატორებმა კანონმდებლობის მოთხოვნები კარგად იციან, მეტი ცოდნაც შეიძინეს, ამიტომ დარღვევებმაც იკლო. განსაკუთრებით ორგანიზებულ ადგილებში. მცირე მარკეტებში პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამას ვერ უარვყოფთ. პირველ რიგში, მომხმარებელს მინდა მივმართო, რომ არაორგანიზებულ ადგილებში სურსათის შეძენას მოერიდონ", - განმარტავს სოხაძე.

რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, კახა სოხაძის თქმით, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში ბიზნესოპერატორს სააგენტო რეკომენდაციებს აძლევს, განმეორებით შემთხვევაში კი მოქმედებს გარკვეული საჯარიმო სანქციები.

"თუ სურსათის მავნეობა არ დასტურდება, მაგრამ ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდაცია ეძლევა ბიზნესოპერატორს, თუ გადამოწმების შემდეგ ასეთი დარღვევა დაფიქსირდა, ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 400 ლარით პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში კი - 1200 ლარით, თუმცა, თუ სურსათის მავნე თვისებები დადასტურდა, მაშინ ასეთი სურსათი კრიტიკულ შეუსაბამობად განიხილება და ექვემდებარება რეალიზაციიდან ამოღებას, ხოლო ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება. ქსელური სუპერმარკეტები აღჭურვილი არიან კარგი დანადგარებით და ისინი შესაბამის კონტროლს უფრო მაღალ დონეზე ახორციელებენ, მათ ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ", - ამბობს სოხაძე.

დახლმაცივარში, როგორც წესი, უნდა მოთავსდეს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ინდივიდუალური შეფუთვა არ აქვს. მაგალითად, ხორცპროდუქტები, სალათები და სხვა. ასეთ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროდუქტი დახურულ სივრცეშია განთავსებული, მას მომხმარებელი ხელით ვერ ეხება და დაცულია დაბინძურებისგან. რაც შეეხება ე. წ. კედლის მაცივრებს, აქ თავსდება ინდივიდუალურად შეფუთული პროდუქცია: რძის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, წვენები და სხვა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"