მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

5 აგვისტოდან დღემდე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 30 დარღვევა დაფიქსირდა.

ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა წარადგინა.

მაჭარაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი; აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი; მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი და აფთიაქის მხრიდან უნებრათვო საქმიანობის განხორციელების- 1 ფაქტი.

ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.