თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ჩვენ შევთანხმდით, რომ სავაჭრო ურთიერთობები წინ წავიყვანოთ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს ფარუკ ჩელიკს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფარუკ ჩელიკმა თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოდან მიღებულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დაასახელა. მისივე თქმით, მაშინ ვიზიტის ფარგლებში მოხდა შეთანხმება, რომ უახლოეს დროში შეხვედრა საქართველოში გამართულიყო. მისივე თქმით, დღეს მხოლოდ ორი ქვეყნის მინისტრებს შორის შეხვედრა არ არის და ვიზიტი სხვა მრავალ საკითხს მოიცავს.

"22 წლის შემდეგ პირველად იმართება სოფლის მეურნეობის სფეროში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ფარუკ ჩელიკმა.

მისივე თქმით, საქართველოში იმყოფება თურქეთიდან 44 ბიზნესმენი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ და გაიმართება ბიზნესფორუმი. მისივე თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი სავაჭრო ურთიერთობებია, მაგრამ მისი მთელი მოცულობის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. "ეს არ შეეფერება იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ძალისხმევა იმისთვის, რათა ეს წინ წავიყვანოთ და განვავითაროთ", - განაცხადა ფარუკ ჩელიკმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელიც 1994 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. შეხვედრაზე ოთარ დანელია და ფარუკ ჩელიკი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მცენარეთა წარმოებისა და დაცვის, ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სოფლის მეურნეობის მართვის სტრატეგიის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.