თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი - არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები

არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვაში განაცხადა.

სულხანიშვილის თქმით, კომპანია „ფორესტის“ მიერ ყაზბეგის გამზირზე ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებული დასკვნა შესამოწმებლად მზადდება.

„ახლა მზადდება საბუთები და მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას. ადგილზე როცა ვიყავი და ვნახე ეს ხეები, არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ მოიჭრა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და იყო საღი იმ დასკვნის მიხედვით და მეორე, თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.