როდინაულის მოსახლეობა ზესტაფონს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ზესტაფონის სოფელ როდინაულის სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, როდინაულის შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს, სამუშაოების დაწყებამდე სრულიად ამორტიზებული იყო და სოფლის მცხოვრებლები ქალაქ ზესტაფონში მისასვლელად მაგისტრალური გზით სარგებლობდნენ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აღდგება მიწის ვაკისი, გაიწმინდება კიუვეტები, გზის ზედაპირი კი არმირებული ბეტონის საფარით დაიფარება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდზე ასფალტ ბეტონის საფარი მოეწყობა, ხიდის დაზიანებული მოაჯირები შეიცვლება და რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდება. პროექტი საგზაო ნიშნების მოწყობასაც ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 377 067 ლარია.

მშენებლობაზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული.