„ცენტრ პოინტის “ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ"

„ცენტრ პოინტის “ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ , - ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რჩეულიშვილმა გაუგებარი უწოდა მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როდესაც მაია რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდებას კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ინვესტორები ითხოვდნენ და სასამართლოს სოლიდურ თანხასაც სთავაზობდნენ.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება, ვერც ერთი მენაშენე კომპენსაციას და „ვერც ვერაფერს“ ვერ მიიღებს.

„ამ დროს ინვესტორები გვთხოვენ შემოსვლას – მიგვიშვით და ერთადერთი, მხოლოდ მაია გამოუშვითო, რადგან მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ინვესტიციების განხორციელებაო, გირაოს გადახდასაც თავად ითხოვენ და სთავაზობენ, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც თუ ინვესტორი თავისი ბიძაშვილი და ნათესავი არაა, არაფერი აინტერესებს. არჩევნებამდე, ალბათ, ახალს არაფერს აღარ უნდა ველოდოთ. კომპანია იკეტება. როგორ ვიმუშაოთ, „კაპიკი“ ვერ შემოდის, ხელმოწერის უფლება არავის აქვს და ამდენი ადამიანის საქმე დაღუპულია პრაქტიკულად. ხელფასს ვერ გავცემთ, არჩევნების შემდგომ ვნახოთ, არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ხელისუფლების დროს „ცენტრ-პოინტის“ ქონების ხელში ჩაგდების ინტერესი იყო.

„ძალიან მომგებიანია „ცენტრ-პოინტის“ ქონება დღეს. ამ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს, წაგვგლიჯეს და წაგვართვეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.