იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17 %-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით გაიზარდა. სტატატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარ-ივლისის წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1122 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 3869 მლნ აშშ დოლარს (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 898 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1677 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 254 მლნ აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1423 მლნ აშშ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 27 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში 34 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივლისში 1393 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 11 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 358 მლნ აშშ დოლარი (27 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1035 მლნ აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 32 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 28, 39 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში 19 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1304 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 100 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ივლისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1708 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1558 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 306 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 257 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).