”არავინ ჩათვალოს, რომ ჩემი პროტესტი არის მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრისკენ მიმართული."

”პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან მესამე დღეა შიმშილობს.

ფერაძემ შიმშილობა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ დაიწყო. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოთხოვნაა, რომ გადადგნენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი და მოადგილე, ასევე დაისაჯონ დამნაშავეები.

”არავინ ჩათვალოს, რომ ჩემი პროტესტი არის მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრისკენ მიმართული. ეს არის კომპლექსურად პროტესტი, ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ბოლო წლების მავნებლურ მუშაობაზე. დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხი ვაკის პარკზე, სადაც სასტუმროს მშენებლობის საფრთხე იურიდიულად კიდევ არსებობს. მერიამ დღემდე ვერ უმკურნალა დაავადებულ ხეებს. მერია რასაც რგავს, არის კატასტროფა, რადგან ვერაფერს ახარებენ. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის გადადგეს გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი და მოადგილე, რომელიც რეალური უფროსია. ჩვენ გვინდა სტრუქტურული ცვლილება, უნდა შეიქმნას საბჭო, სადაც იქნებიან დაინტერესებული ადამიანები, რათა პოსტფაქტუმ არ მოგვიწიოს ხეების „პანაშვიდზე“ სირბილი და წინასწარ გვეცოდინება სად რას აპირებენ. შიმშილობა გაგრძელდება იქამდე სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივაღწევთ. სამი წელი კონსტრუქციული დიალოგებით და მიმართვებით ვეცადეთ ცვლილებებს, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ და ეს უკვე არის ზღვარი. ასევე მოვითხოვთ დასჯას ვინც ნებართვა გასცა, ვინც ხელი მოაწერა რომ ეს ხე მოსაჭრელია. ასევე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მოტივირებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემა არ შექმნია.

”ძალიან მოტივირებული ვარ. გაცილებით მძიმედ ვარ როცა სახლში ვარ უმოქმედოდ. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევენ ჩემი შვილები, ის ადამიანები ვინც აქ მოვიდნენ და ჩვენ შევძლებთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, - აღნიშნა ფერაძემ.

დღეს, მერიასთან 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება