როგორ მიმდინარეობდა რჩეულიშვილების ბიზნესსაქმიანობა წლების განმავლობაში

კომპანია "ცენტრ პოინტმა" მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა გააკეთა.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, "ცენტრ პოინტს" არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან დაზარალებულებს კომპენსაციები მისცეს და მშენებლობები გააგრძელოს.

თუმცა, კომპანიის დამფუძნებელი აქვე განმარტავს, რომ კომპანიის მუშაობის შეჩერება დროებითია და ფუნქციონირებას სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გააგრძელებს.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილისა და აჭარის საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელის ირაკლი მინდელის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესის შემდეგ, სასამართლომ სამივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ, რჩეულიშვილისთვის 250 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორი თანახმაა, აღნიშნული გირაო დაფაროს, ასევე დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულ ირაკლი მინდელს აღვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლოდა, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა.

პროცესზე გირაოს შეფარდების თხოვნით მოსამართლეს თავად გუკა რჩეულიშვილმაც მიმართა - "ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე", - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე 2016 წლის 7 ივლისს დაიბარეს. მაია რჩეულიშვილი პირდაპირ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, სასჯელაღსრულების დაწერებულებაში მოათავსეს მოგვიანებით "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილიც.

პროკურატურა "ცენტრ პოინტსა" და მასთან ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს ბრალს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვაში სდებს. კომპანიის დამფუძნებლები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და მასში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ.

ოჯახის ადვოკატი, მარინე ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მაია რჩეულიშვილის დაკავება არასწორი ნაბიჯი იყო, რადგან კომპანიას საშუალება უნდა მიეცეს, საცხოვრებელი ბინები დაასრულოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 61 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დავალიანება შეადგენს 29 398 541,42 ლარს, შპს "მარიჯანის" დავალიანება - 10 317 577,94 ლარს, შპს "ცენტრ პოინტ სიტის" დავალიანება - 2 311 595,39 ლარს, შპს "დიდი დიღმის ოაზისის" დავალიანება - 10 542 208,31 ლარს, სხვა დანარჩენი 8 740 000 ლარია.

ერთ-ერთი დაზარალებულის, მალხაზ გოგაძის თქმით, მან 56 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა "ცენტრ პოინტის" მშენებარე სახლში შეიძინა, მაგრამ როგორც კი აღმოაჩინა, რომ მისი ფართობი საერთოდ არ არსებობდა, თანხის გადახდა შეწყვიტა, - " ცენტრ პოინტმა" ექვს ოჯახს ჰაერი მოგვყიდა ანუ ჩვენი ბინები საერთოდ არ არსებობდა. ეს იყო თაღლითობა და რჩეულიშვილების ოჯახს ვუჩივლეთ," - განაცხადა მან.

"ცენტრ პოინტის" საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ." კვლევის თანახმად, "ცენტრ პოინტი" 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს. დეველოპერული კომპანია ყოფილმა პარლამენტარებმა გურამ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დააარსეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, რომ "დახვეწილი სქემის მეშვეობით, "ცენტრ პოინტ ჯგუფმა" დაარწმუნა ათასობით კლიენტი, ჯერ კიდევ არაშენებული ბინები შეესყიდათ, შემდეგ კი, მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი აღნიშნული თანხა და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებელია."

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 10 სექტემბერს მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ "ცენტრ პოინტი ჯგუფი" ვერ შეძლებდა მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, მათ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" კომპანიებისა და სამშენებლო პროექტების მმართველობის უფლება კომპანია "დექსუსს" გადასცეს. ოფიციალური სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, კომპანიის საწყისი კაპიტალი მხოლოდ 100 ლარს შეადგენდა. "დექსუსი" სათავეში ჩაუდგა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ქონების მართვას, სამშენებლო კომპანიებს კლიენტებისადმი დიდი ოდენობით დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი.

"დექსუსმა" უარი განაცხადა ამ დავალიანების დაფარვაზე და ამის ნაცვლად კლიენტებს დღგ-ს გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული ასაშენებლი ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტს შეადგენდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მაგალითად ადამიანმა, რომელმაც 50 000 დოლარი გადაიხადა ბინაში, დამატებით კიდევ 9 ათასი დოლარი უნდა გაეღო საკუთარი ბინის მშენებლობის დასამთავრებლად. არ არსებობდა გარანტია, რომ მისი სახლის მშენებლობას "დექსუსი" მაინც დაამთავრებდა,"- წერია კვლევაში.

"დექსუსის" საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას როგორც 2016, ისე 2013 წელსაც აწარმოებდა. "დექსუსის" მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი კილაურიძემ მაშინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს წერილით მიმართა და აუხსნა, რომ "დექსუსი" ქონებას მიზნობრივად განკარგავდა და მზად იყო გამოძიებასთან ეთანამშრომლა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმის შესწავლა სამი წლის წინ დაიწყო, "მაგნოლიას" კომერციული ფართებით დაკმაყოფილებულ პირებს კუთვნილი ბინები კომპანიის მიერ არ გადაეცათ.

გამოძიება წელს, ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის საქმიანობითაც დაინტერესდა და მისი თავმჯდომარე, ზურაბ თაბუკაშვილიც დააკავა.

"პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, "ცენტრ პოინტ ჯგუფთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აქვე აღნიშნავენ, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა არათუ არ უზრუნველყო ამხანაგობის წინაშე დასახული მიზნის - სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, არამედ მისთვის მინიჭებული, ამხანაგობის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისთვის."

ამჟამად, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე სამივე ბრლდებული, მაია და გუკა რჩეულიშვილები და ირაკლი მინდელი ისევ პატიმრობაში იმყოფებიან.

წყარო ALLNEWS