კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამ დროისთვის ჰესის ქვესადგურში მაღალი ძაბვის ელექტრომიერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირაში კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, თანამშრომლების დარგობრივი კომპეტენციის განვითარების მიზნით, ,,GWP აკადემიის“ მეორე პროექტი დაიწყო. მონაწილეთა შერჩევა და რეგისტაცია დასრულებულია. ისინი მომდევნო კვირიდან წყალმომარაგების დარგის განვითარების 6 ძირითად მოდულს გაივლიან.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. 19 აგვისტოს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. ამაღლების ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ასფალტის ახალ საფარს შემოდგომაზე დააგებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ველის დასახლებაში, წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. წყალარინების ქსელის 850 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა.