კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ ლარამდე გამოიყო

კრწანისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

კრწანისში, გორგასლის მე-3 ჩიხში არსებული ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კრწანისის გამგეობასთან ერთად მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ჯამში 1 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯება და ითვალისწინებს შენობის გამაგრებას, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, რომელიც წლების განმავლობაში შენობას აზიანებდა. სკურპულოზურად კეთდება შენობის ფასადი, რათა მისი იერსახე შევინარჩუნოთ”, - განაცხადა ნარმანიამ.

კრწანისის რაიონის გამგებელმა აღნიშნა, რომ შენობა 1880-იანი წლებით თარიღდება.

„სახლი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ფასადის ელემენტები ფაქტიურად განადგურებული იყო. ჩვენ მოვახერხეთ მათი აღდგენა. ახლა სხმულების რესტავრაცია მიმდინარეობს. სახლი აბსოლუტურად იდენტურ მდგომარეობაში აღდგება, რაც ადრე იყო. სამუშაოები გასული წლის ბოლოს დაიწო და ორ თვეში დასრულდება“, - განაცხადა გიორგი კოპალეიშვილმა.