ბაქოში უმსხვილესმა ბანკებმა დოლარის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს

ბაქოში მოქმედმა უმსხვილესმა ბანკებმა გასული კვირის ბოლოს დოლარის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს, ზოგიერთმა კი შეაჩერა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, პარასკევსა და შაბათს ზოგიერთ უმსხვილეს ბანკში ერთ ადამიანს 100-დან 500 დოლარამდე ოდენობის თანხის გადახურდავება შეეძლო.

გასულ კვირას აზერბაიჯანში ე.წ. „შავ ბაზარზე“ დოლარის კურსი მანათთან მიმართებაში 1,7 მანათი იყო, ოფიციალურმა კურსმა კი 1,62 მანათი შეადგინა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული აზერბაიჯანული ვალუტა დოლართან მიმართებაში 7%-ით არის გაუფასურებული. ამ მაჩვენებლით, მანათი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვალუტაა პოსტ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. მანათს მხოლოდ ტაჯიკურმა სომონიმ გადაუსწრო.