"ლარი კვლავ გაუფასურდება, თუ არჩევნებამდე და არჩევნების დროს თანხები მოზომილად არ დაიხარჯება"

ბოლო რამდენიმე დღეა ლარი გამყარებას ყოველდღიურად განაგრძობს.

ეროვნული ვალუტის კურსი სულ რამდენიმე დღის წინ 2,34-2,35-იან ნიშნულზე იყო, დღეს უკვე 2.27 ნიშნულზეა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდებოდა, რომ არა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ 20 მილიონი დოლარის შესყიდვა. საერთო ჯამში, 17 მარტიდან 22 აგვიტოს ჩათვლით, სებ-მა 268 350 000 დოლარი შეისყიდა.

ამ ფონზე საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა ჩნდება: როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ვალუტაზე, როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება და ხომ არ არის ეს არჩევნების მოახლოებით გამოწვეული ხელოვნური პროცესი, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ?

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ჭარაია თქმით, ეროვნული ბანკი ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ბაზარზე ჭარბი ვალუტაა დაგროვილი.

„ალბათ ამჟამადაც, ბაზაზრე ჭარბი დოლარი დაგროვდა, რაც ლარის კიდევ უფრო მეტ გამყარებას გამოიწვევდა, ამიტომაც, ცენტრალურმა ბანკმა სცადა ლარის ზედმეტ გამყარებას ხელი შეუშალოს. მოგეხსენებათ, დიდი ნახტომებით ეროვნული ვალუტის არც გამყარებაა სასურველი და არც - გაუფასურება, ამიტომ კურსის ცვლილებაში ეროვნული ბანკი ყოველთვის უნდა ჩაერიოს. ეროვნულ ბანკს თავისი პოლიტიკა აქვს, ის არა მარტო ლარის კურსზე ახდენს გავლენას, არამედ ფასების სტაბილურობასა და ინფლაციაზეც. შეიძლება 20 მილიონი დოლარის შესყიდვა ამის გამოც გახდა საჭირო“, - აღიშნავს ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით უახლოეს პერიოდში ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდება, და ამას ჩვენს რეგიონში სიტუაციის მოწესრიგებაც უწყობს ხელს. მაგრამ თუ არჩევნებამდე და არჩევნების დროს თანხები მოზომილად არ დაიხარჯება, ლარი კვლავ გაუფასურდება.

„არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო კვარტალში 1 მილიარდ 600 მილიონის ოდენობის საგარეო ვალის დაფარვა მოგვიწევს. ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს მოუწევს ლარის დახარჯვა, რომ ბაზრიდან დოლარი შეიძინოს, რაც მიმოქცევაში ჭარბი ლარის მიწოდებას გამოიწვევს, ჭარბი ვალუტის მიწოდება კი, მისი გაუფასურების მიზეზი ხდება. შესაბამისად, ლარი შეიძლება გაუფასურდეს, თუმცა ეს არ იყოს საგანგაშო მოვლენა“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის თქმით, სებ-ის მიერ 20 მილიონი დოლარის შესყიდვა ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ეს არ არის მსხვილი თანხა, მაგრამ თუ ეს პროცესი სისტემატურად გაგრძელდება, მაშინ შეიძლება გარკვეულ ტენდენციაზე და კანონზომიერებაზეც ვისაუბროთ.

„ამ ფაქტის მიხედვით კი, ვერ ვიმსჯელებთ რაიმე მასშტაბურ ცვლილებაზე. სავსებით დასაშვებია, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთჯერად ღონისძიებას მიმართა. ჩვენ მცურავი კურსი გვაქვს, ლარი ხან გამყარდება, ხან შესუსტდება, უბრალოდ ამ პროცესს ნახტომისებრი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, არც ლარის ნახტომისებრი, მკვეთრი გაუფასურებაა კარგი და არც მისი გამყარება. ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერი ხდება: აგვისტო არის თვე, როდესაც ლარის გამყარება ჩვეულებრივი ამბავია. ამის მიზეზია ის, რომ იმპორტს ვამცირებთ, ქვეყანაში ენერგომოხმარება მცირდება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვი შემოდის ტურიზმიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების მხრივ ტურიზმი პირველ ადგილზე გადავიდა და გადაუსწრო ვალუტის ისეთ წყაროებს, როგორც არის გზავნილები და ინვესტიციები, ყველაფერი ნათელი ხდება. ამიტომ, ლარის გამყარება ბუნებრივი პროცესია და მე ამას მოახლოებულ არჩევნებს ვერ დავაბრალებ. ოპონენეტებს კი შევახსენებ: არჩევნებიც რომ არ იყო, ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოს თვეში ლარი ყოველთვის მყარდებოდა“, - აღნიშნავს ელგუჯა მექვაბიშვილი.

თემურ მაისურაძე , პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „ჯერჯერობით ჩვენს სახელმწიფოს ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი აქვს და ამ სიტუაციაში ბალანსის შენარჩუნება ეროვნულ ბანკს უწევს. ზაფხულობით ამ ფაქტორს ტურიზმი ანელებს, მაგრამ შემდეგ პრობლემები ისევ ჩნდება. აქედან გამომდინარე, ვალუტის სტაბილურობას გაცილებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და რადიკალური ცვლილებები სჭირდება. მანამ, სანამ ჩვენი ექსპორტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმპორტი და საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად არ გაიზრდება, სახელმწიფოს ყოველთვის დასჭირდება სხვადასხვა ხერხის და ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება, რომ ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუ ქვეყნის მთავრობა კარგად იმუშავებს, საგანგაშო დევალავაცია მოსალოდნელი არ არის. დევალავაცია მაშინ უნდა ნახოთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დაპირებები რომ შესრულდეს: ზოგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პენსიას 500 ლარამდე გაზრდის, ზოგიერთები იმ პენსიონერებს, ვინც 100 წელს მიაღწევს, 2 000 ლარიან პენსიასაც ჰპირდებიან, ზოგი - რას და ზოგი -რას... ეს არის საშინელი სიცრუე, რომელიც ვერ შესრულდება და თუ შესრულდება, ეკონომიკის ნგრევა და ლარის გაუფასურება მერე უნდა ნახოთ“.

ხათუნა ჩიგოგიძე