გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე

ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო

, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მიუქცევია იმხელა ყურადღება სოფლის მეურნეობისთვის, როგორც დღეს.

„ეს სახელმწიფო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქარელისთვის, სადაც მრავალწლიანი ნარგავების მოშენების უდიდესი კულტურა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისკენ მიმართული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება ბევრი პრობლემის გადაჭრა. დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, თითოეული მოქალაქის ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა, რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმით მიიღწევა. პრემიერმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა მომავალ პროექტებში რეინვესტირდება.

„ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით იმ მემკვიდრეობაზე, როდესაც საგადასახადო ინსტიტუტები ბიზნესზე წნეხისთვის იყო გამოყენებული და უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად უნდა დავიწყოთ და სად უნდა დავასრულოთ ოთხ წელიწადში, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელების კომპეტენცია, გამოცდილება, ხალხთან კავშირი და ქვეყნის სიყვარული ჩვენ გაგვაჩნია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

როგორც ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თოთლაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მის რაიონში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

„მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს მშობლიურ რაიონში იმ გუნდიდან, რომელმაც შეძლო და 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ჩემს ქვეყანას, თითოეულ ქალაქს და თითოეულ სოფელს. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი რაიონი. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. თითოეულ ჩემს წარმატებას ბავშობიდანვე ვუძღვნიდი ჩემს რაიონს და ქვეყანას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენს რაიონში, ძალიან ბევრი ღირსეული პროექტი განხორციელდა. დარწმუნებული ვარ და მინდა დაგარწმუნოთ თქვენც, რომ მომდევნო 4 წელი გაცილებით წარმატებული იქნება ჩვენი რაიონისთვის, რადგან მოხდება უფრო მეტი განვითარება და უფრე მეტი სიკეთე შევა თითოეული თქვენთაგანის ოჯახში. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და პირობას გაძლევთ ამ დიდ გამოწვევას ღირსეულად გავართმევ თავს“,-აღნიშნა გიორგი თოთლაძემ.