სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ცხადდება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მისამართზე - თბილისი, ვაზისუბნის ქ. N25 უნდა წარმოადგინოს განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.
განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
მათივე განმარტებით, აგრო-კომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24%-ს შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქართველოს მთავრობის 6 განკარგულება, რომლითაც 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს 1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი გადაეცა.