ძველ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო. ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება.

თბილისის მერიის ცნობით, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა. ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.