წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია იგეგმება

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ, როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 ევრო. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი.

მათივე ინფორმაციით, ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდებზე.

”წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთები 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჩატარდა წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით. კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 28 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად, საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.