ადგილობრივ ბაზარზე ოქრო გაძვირდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ოქროზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. 

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას "ოქროს ბირჟის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბაზარზე ოქრო 5-6 ლარით გაძვირდა.

ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტის თამაზ გულედანის თქმით, თუ 583 და 585 სინჯის ოქრო 1-2 თვის წინ 50-51 ლარი ღირდა, ამ დღეებში მისი ფასი 55-56 ლარამდე ავიდა.

"იგივე შეიძლება ითქვას სხვა სინჯებზეც. ძნელია იმის თქმა, რატომ მოიმატა ოქროს ფასმა. თუმცა, ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებზე. მაგალითად, ოქროს ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში და ჩვენთანაც მაშინვე აიწია. იქ რომ გაიაფდა, ფასი ჩვენთანაც შემცირდა. სხვათა შორის, ოქრო გაძვირდა ყახაზეთშიც, არადა, საქართველოში ძალიან ბევრი ყაზახია შემოსული და ამ ქვეყანაში ჩვენგან საკმაო რაოდენობის ოქროს ნაწარმი გადის. ისედაც, ტურისტების დიდი ნაკადია შემოსული, ისინი ოქროს აქტიურად ყიდულობენ და ძვირფასი ლითონების რეალიზაციაც მომატებულია", - აღნიშნავს თამაზ გულედანი.

ბოლო ხანებში ოქროს ფასის მატებაზე ლაპარაკობს ვებგვერდ oqrosbirja.ge-ს ადმინისტრატორი ვლადიმერ ქურდაძეც. მისი თქმით, „999 სინჯის ოქრო 1-2 თვის წინ 89-90 ლარი ღირდა, ახლა კი, 95-87 ლარად იყიდება“ .

2015 წლის ივნისში 583 სინჯის ოქრო საქართველოში 46 ლარი ღირდა, ხოლო ყველაზე ძვირფასი - 999 სინჯის ოქრო - 78 ლარი.

ხათუნა ჩიგოგიძე