თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდსის ცენტრი აშენდება

თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდსის ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შიდსის ცენტრის ასაშენებლად ტერიტორიის გამოყოფაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

”დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, ეტაპური ჩვენი ცენტრისთვის, მე ვიტყოდი, დარგისთვის და მთელი ქვეყნისთვის. დიდი ხანია უკვე, რამდენიმე წელია მთავრობა ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ ცენტრისთვის ტერიტორია გამოიყოს და ახალი ცენტრი აშენდეს. დღეს საბოლოოდ გაფორმდა ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, ცენტრისთვის გამოიყო 5 ათასი კვადრატული მეტრი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან მოსახერხებელი ადგილია როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. ასევე დადგენილება ითვალისწინებს საპროექტო სამუშაოებისა და ცენტრის მშენებლობის დაუყონებლივ დაწყებას და უმოკლეს დროში დამთავრებას. იმედია, რომ ცენტრი სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში მიიღებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომელსაც იმსახურებს და მსოფლიო მნიშვნელობის პროგრამები კიდევ უფრო წარმატებით განხორციელდება”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ”ავერსი ფარმასთან” მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა. ცერცვაძის ინფორმაციით, 2009 წელს ფარმაცევტულმა კომპანია ”ავერსმა” მაშინდელ ხელისუფლებასთან კურიოზული გარიგებით შიდსის ცენტრის ტერიტორია ძალიან იაფად შეიძინა.

”ასეთი მნიშვნელობის ცენტრს შეემთხვა ასეთი კურიოზი, 2009 წელს ფარმაცევტულმა კომპანია ”ავერსმა” მაშინდელ ხელისუფლებასთან გარიგებით ოფიციალური საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად, ძალიან იაფად, შეიძინა ამ ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობი და მოქმედი ცენტრი დატოვა უძრავი ქონების გარეშე. ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამ მსოფლიოში კიდე სადმე მომხდარიყო, მაგრამ ჩვენთან მოხდა. შედეგად ძალიან გაძნელებულია მუშაობა, საშინელი პირობებია შექმნილი და ჩვენს მედპერსონალს უწევს რთული საქმიანობა, რომ როგორმე არ შეფერხდეს შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა ავადმყოფების მკურნალობა და არ დაეცეს მათი მომსახურების ხარისხი”, - განცხადა თენგიზ ცერცვაძემ.