დაბალი ფასის გამო კახეთსა და თუშეთში მეცხვარეები მატყლის რეალიზაციას ვერ ახდენენ

კახეთსა და თუშეთში ადგილობრივები მატყლს გამოუსადეგარს უწოდებენ და ყრიან.

მწყემსების თქმით, ამის მიზეზი მატყლის დაბალი ფასია, რის გამოც ცხვრის გაპარსვა და მუშახელისთვის ცალკე ფულის გადახდა არ უღირთ. თუმცა, მათივე თქმით, იძულებული არიან, ცხვარი გაპარსონ, რადგან პირუტყვი გაუპარსავი ვერ გაძლებს.

თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, წლების წინ საქართველოში ყველაზე ძვირი ღირდა. ახლა კი 1 კგ მატყლის გასაყიდი ფასი 50 თეთრია.

თუში მეცხვარე ტარიელ გაფრინდაული წლებია მეცხვარეობით ირჩენს თავს. მისი თქმით, ვიდრე თუშეთი მოსახლეობისგან დაიცლებოდა, მატყლის მიმღები და დასამუშავებელი პუნქტები თუშეთშივე იყო და მეცხვარე ცხვრისა და ყველის გარდა, შემოსავალს მატყლის რეალიზაციიდანაც იღებდა.

"თუშური მატყლი უხეშია, ევროპაში კი უხეში მატყლი არავის უნდა. ცხვარს იმიტომ ვპარსავთ, რომ აწუხებს, თორემ საერთოდ არ გავპარსავდით. მატყლის უმეტეს ნაწილს ვყრით. ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს", - ამბობს მეცხვარე.

მეცხვარეები ითხოვენ, რომ ხელისუფლება მათ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიებაში დაეხმაროს. მათივე თქმით, ოფიციალური პირები მუდმივად ჰპირდებიან, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამა თუ იმ პროგრამას ახორციელებენ, მაგრამ ეს საქმეში არ აისახება.

მათი თქმით, ამ საქმეში ფულის ჩადება, არცერთ ბიზნესმენს და არც სახელმწიფოს უნდა. თუმცა, ყველა ჰპირდება, რომ "ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს, რადგან სავსებით შესაძლებელია, ბიუჯეტის დაფინანსებით, საწარმოს აშენება, სადაც ქართული ცხვრის მატყლს ჩააბარებენ", - ამბობენ მეცხვარეები, რომელთა თქმითაც, მატყლის გარდა, ცხვრის რეალიზაციის პრობლემაც წლებია აქტიურია.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონაშვილის განცხადებით, მატყლის რეალიცაზიის პრობლემების მიზეზი, ფასი და სახელმწიფოს არასწორი მიდგომაა.

"პრობლემის მიზეზი ფასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასწორი, ხშრი შემთხვევაში, პროტექციური მიდგომებია. მატყლის რეალიზაციის პრობლემა მის ფასზე და მოთხოვნის ნაკლებობაზეა დამოკიდებული. ხოლო ცხვრის რეალიზაციის პრობლემა სამინისტროს ხელმძღვანელობის არასწორი ქმედებებია", - ამბობს ბექა გონაშვილი.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო არ ყიდულობს მატყლს და უკვე კარგა ხანია სახელმწიფო იმ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ბიზნესში აღარ ერევა.

"ჩვენ უბრალოდ ვქმნით შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა თავიანთი პროდუქტი ბაზარზე გაიტანონ. ორი სუბიექტი თუ ვერ თანხმდება ფასსა და სხვა საკითხებზე, ეს ჩვენ აღარ გვეხება. ჩვენ რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიციას ვერ დავიჭერთ. არ გვაქვს ამის უფლება", - განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რაც შეეხება მეცხვარეთა განცხადებას, რომ სახელმწიფოს მათ ადგილობრივი მიმღები პუნქტების შექმნას ჰპირდება, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო და მით უფრო სამინისტრო ვერ შექმნის პუნქტებს და ეს ბიზნესის საქმეა.

"ჩვენ შეიძლება მხოლოდ იაფი ფულადი რესურსი გამოვყოთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესმენი ამ ინიციატივას წამოიწყებს", - აცხადებენ სამინისტროში.

ლალი პაპასკირი