თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს.

როგორც  დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, ქალაქის მთავრობა მზადაა დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას.

დაინტერესებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა წარადგინონ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს. საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: - http://tbilisi.gov.ge/news/2873.