გიორგი კვირიკაშვილი - „სტარტაპ საქართველო" ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს წამოიწყონ თავიანთი საქმე

ერთი შეხედვით დაუჯერებელი მიზანი დღეს მიღწეულია

, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ტექნო-პარკში „სტარტაპ-საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის 51 ფინალისტიდან 20 გამარჯვებულის დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვყავს „სტარტაპ-საქართველოს“ პროექტის ფინალისტები. ”ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ დაფინანსება სრულად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს პროგრამა არის მთავრობის 4-პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ პროგრამის”, - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, ეს პროგრამა ახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს წამოიწყონ თავიანთი საქმე, შეცვალონ აზროვნება მთელი თაობის იქითკენ, რომ შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება. ”ეს კი შესაძლებელია არა მხოლოდ საბანკო სექტორის მეშვეობით, არამედ „სტარტაპ ჯორჯიას“ მეშვეობით”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ინოვაციური ბიზნესის წარმოებისთვის პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჯამურად 720-ზე მეტი განაცხადი იყო შესული, აქედან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150, საიდანაც 51 საუკეთესო ”სილიკონის ველის” საერთაშორისო ექსპერტებმა შეარჩიეს. ფინალისტებს დღეს სერტიფიკატები და „სტარტაპ-საქართველოს“ სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა. 51 საუკეთესოდან კი 20 გამარჯვებული პროექტი შეირჩა.