ევროკავშირში შესვლისთვის უვიზო რეჟიმის მქონე მოქალაქეებს შესაძლოა 14 დოლარის ოდენობის გადასახადი დაუწესდეთ

საფრანგეთისა და გერმანიის ინიცირებით, ევროპული კომისია „ევროპული ESTA“-ს სისტემის შემოღებას გეგმავს.

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, სისტემა, რომელიც ამერიკაში მოქმედი სისტემის ანალოგი იქნება, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის სანაცვლოდ 14 დოლარის დაწესებას გულისხმობს.

გამოცემის წყაროს ცნობით, სისტემის დაწესების შემთხვევაში, მოქალაქეებს ონლაინ მოუწევთ განაცხადის შევსება.

„საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზება სავარაუდოდ, ნოემბერში მოხდება“, - განუცხადა წყარომ Euractiv-ს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განაცხადებით, ევროპული ESTA იმ პირებზე გავრცელდება, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები არ სჭირდებათ, მაგალითად აშშ-ის მოქალაქეებისთვის.

ESTA - მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემაა, რომელიც აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მოქმედებს.

„მსგავსი ინიციატივა პირველად ივნისში გაჟღერდა, როდესაც ევროკომისრებმა - დიმიტრის ავრამოპულოსმა და ფრანს ტიმერმანსმა საქართველოს, უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის სხვადასხვა ინიციატივები წამოაყენეს.

Euractiv-ის ცნობით, ESTA-ს შემოღება „ევროკავშირის გარესაზღვრებზე კონტროლის გამკაცრების“ ინიციატივების ფარგლებში განიხილება.