,,ბათუმის გემთსაშენი ქარხანა" გაკოტრდა

"ბათუმის გემთსაშენი ქარხნის" დირექტორის მოთხოვნა სასამართლოში გაკოტრების შესახებ საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაკმაყოფილდა.

შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის" დირექტორმა ზვიად კონცელიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა. განცხადების ავტორი იუწყებოდა, რომ ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხანა" გადახდისუუნაროა. საწარმო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

განცხადების მიხედვით, "ბათუმის გემთსაშენ ქარხანას"  3 330 760,56 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს, რომლის გადახდის საშუალება  არ გააჩნია.

შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხანა" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს წარმოადგენს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები.