დავით ნარმანია - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში განაცხადა, სადაც მან ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ნარმანიამ თხოვნით მიმართა საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ყოფილიყვნენ.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ისტორიაში არ ყოფილა და ეს არის გარემოსდაცვითი სტრატეგია.

მისივე თქმით, მასობრივი გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 560 ათასი ხე დაირგო, ხოლო შემოდგომაზე დედაქალაქის სხავადასხვა ტერიტორიაზე 79 ათასი ხე დაირგვება.

ნარმანიას მტკიცებით, დასრულდა რამდენიმე სკვერის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაირგო ხეები, ასევე როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ხდება ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლება, რათა დაავადებულმა ხეებმა ზიანი არ გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, შემუშავდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ დებულება. მერის განმარტებით, აღნიშნული სამსახური გარდაიქმნება, გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად და მასში რამდენიმე განყოფილება შევა.

სამსახურის რეორგანიზაცია, მერის თქმით, სექტემბრიდან დაიწყება, ასევე სამომავლოდ გაიზრდება აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც მიმართული იქნება გამწვანების ღონისძიებისკენ.

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ქალაქში ხეების მოჭრასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრება.

მისივე თქმით, უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ შესაბამისი ნებართვის გარეშე ვინმე ამა თუ იმ ტერიტორიაზე შევა და ხეების ჭრას დაიწყებს.

თბილისის მერის განმარტებით, საექპერტო დასკვნების მომზადება უნდა გახდეს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და გადამოწმებული.

ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრაზე საუბრისას, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების დასრულებას დაველოდოთ, რასაც დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

სხდომას ესწრება ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიმართა დავით ნარმანიას, თუ რატომ არ ახსენებდა იმ ადამიანებს, ვინც შიმშილობს.

ყაზბეგზე მოჭრილ ხეებზე საუბარმა გამოიწვია ცოტნე გამსახურდიას გაღიზიანება, რომელმაც მერს ხმამაღალი შეძახილებით მიმართა. ამის შემდეგ საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა ამ დროისთვის უკვე განახლდა.